ბრიტანეთის ვიზის პროცესში დოკუმენტების თარგმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბრიტანეთის საიმიგრაციო სამსახური (UKVI) ძალიან მკაცრ სტანდარტებს აწესებს და არასწორად შესრულებული თარგმანი ხშირად ხდება საბუთების განხილვის შეფერხების ან უარის მიზეზი.
ქვემოთ მოცემულია წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ:
დოკუმენტების თარგმნა ბრიტანეთის ვიზისთვის: წესები და სტანდარტები
ბრიტანეთის სავიზო ოფიცერი, რომელიც თქვენს ინგლისის ვიზის განაცხადს განიხილავს, სავარაუდოდ, არ ფლობს ქართულ ენას. ამიტომ, ყველა დოკუმენტი, რომელიც ინგლისურენოვანი არ არის, უნდა ითარგმნოს.
რა საბუთები საჭიროებს თარგმნას?
პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ქართულად არის გაცემული:
ცნობა სამსახურიდან და ხელფასის შესახებ;
საბანკო ამონაწერი (თუ ბანკი მას პირდაპირ ინგლისურად არ გასცემს);
დაბადების/ქორწინების მოწმობები;
უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
სტუდენტური ცნობა ან დიპლომი.
როგორი უნდა იყოს “სწორი” თარგმანი?
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მოთხოვნის თანახმად, თითოეულ თარგმნილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს:
დასტური მთარგმნელისგან, რომ ეს არის ორიგინალი დოკუმენტის ზუსტი თარგმანი;
თარგმნის თარიღი;
მთარგმნელის ან თარგმანის ბიუროს სრული სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
მთარგმნელის ხელმოწერა.
საჭიროა თუ არა ნოტარიული დამოწმება?
ეს არის ყველაზე ხშირი კითხვა. ბრიტანეთის ვიზისთვის ნოტარიული დამოწმება აუცილებელი არ არის, თუ თარგმანი შესრულებულია პროფესიონალური სერტიფიცირებული ბიუროს მიერ და მასზე დატანილია მათი ბეჭედი და დასტური (Certification). თუმცა, თარგმანი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესაძლებელია თუ არა საკუთარი საბუთების თარგმნა?
არა. დაუშვებელია აპლიკანტმა თავად თარგმნოს საკუთარი საბუთები, მაშინაც კი, თუ ის ინგლისურ ენას იდეალურად ფლობს. თარგმანი უნდა შეასრულოს მესამე მხარემ (მთარგმნელმა ან ბიურომ), რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი.
საერთაშორისო ტიპის საბუთები
ზოგიერთი ბანკი და სახელმწიფო უწყება (მაგალითად, იუსტიციის სახლი) გასცემს დოკუმენტებს პირდაპირ ინგლისურ ენაზე ან ორენოვან ფორმატში. ასეთ შემთხვევაში, დამატებითი თარგმანი აღარ გჭირდებათ, რაც გიზოგავთ დროსა და ხარჯებს.



